არცერთ ვაქცინას პლანეტაზე არ შეუძლია ამ დაავადების 100%-იანი პრევენცია, ანუ მსუბუქი დაავადების თავიდან აცილება, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ამავე დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანს ლეტალური შემთხვევებისგან სრულად იცავს.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მთავარი კომპონენტი, რითაც ვაქცინის ეფექტიანობა ფასდება, არის მათი გავლენა ადამიანის სიკვდილიანობასა და მძიმე დაავადების განვითარებაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ინტუბაციაზე. შესაბამისად, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია რისკი ჰქონდეს, მსუბუქი დაავადება დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტარი და სრულიად ასიმპტომური მტარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან. შესაბამისად, მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 149 191-მა ადამიანმა გაიკეთა.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.