გიორგი ვაშაძე კობა გვენეტაძეს:  რატომ წაიღეთ ჩვენი ჯიბიდან 5,5 მლნ ლარი პრემია თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩვენ რა მოგვეცით, რის გამოც თავი ამხელა ფულით დაიჯილდოვეთ?

გიორგი ვაშაძე კობა გვენეტაძეს:  რატომ წაიღეთ ჩვენი ჯიბიდან 5,5 მლნ ლარი პრემია თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩვენ რა მოგვეცით, რის გამოც თავი ამხელა ფულით დაიჯილდოვეთ?

„თქვენი საქმიანობიდან რა მივიღეთ გასულ წელს, რატომ წაიღეთ ჩვენი ჯიბიდან 5,5 მილიონი ლარი პრემია თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩვენ რა მოგვეცით, რის გამოც თავი ამხელა ფულით დაიჯილდოვეთ“,- ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

გიორგი ვაშაძემ კობა გვენეტაძე თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

„ალბათ, ყველაზე წარმატებული უწყებაა ეროვნული ბანკი საქართველოში, თუ არ არის? 2020 წლის ეროვნული ბანკის საქმიანობა 10 ბალიან შკალაზე 10-იანით შეიძლება შევაფასოთ? იცით, რატომ ვსვამ ამ კითხვას, 2020 წლის IDFI-ის კვლევით, თქვენს უწყებაში პრემიის სახით გაიცა დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი. ჩვენ აქ ვინც ვსხედვართ, ყველას გაგვიჭირდა, ყველას დააკლდა შემოსავალი, ხალხმა სამსახური დაკარგა, ლარი გაგვიუფასურდა თქვენს გამო, ვერ დაიჭირეთ ლარის კურსი. მთელ საქართველოში პრემია გაიცა 9,5 მილიონი ლარი, აქედან 60% თქვენ დაარიგეთ ეროვნულმა ბანკმა თქვენს თანმშრომლებზე. რატომ ბატონო კობა, რამე სასწაული გააკეთეთ? ლარი გამყარდა, თუ რა დამსახურებისთვის მიიღეთ ამდენი პრემია, რა დამსახურებისთვის დაარიგეთ ეს ფულები ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე, როცა პენსიონერი ისევ 36%-ის იხდის, როცა ლარის კურსი ისევ უფასურდება, უმუშევრობა ისევ იზრდება. ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის და ა.შ“,-მიმართა ვაშაძემ გვენეტაძეს.

მან ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარიზაციის პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.

„თქვენ ამიკრძალეთ, რომ ავიღო დოლარში ან ევროში სესხი, რომლის პროცენტი 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ლარში აღებული სესხის, თან გამოდიხართ და კიდევ გვიძვირებთ და გვიძვირებთ სესხს. გულწრფელად მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან, რომ შეგვზღუდეთ, ბორკილები რომ დაგვადეთ, რისთვის, რა მივიღეთ? რა მიიღო პენსიონერმა, ახალგაზრდა ადამიანმა, ბიზნესმა, დასაქმებულმა, უმუშევარმა? მაგალითად, მე როცა მიდვდივარ, დოლარში სესხს აღარ მაძლებენ და რატომ არ მაძლევენ, ამ კითხვას ვსვამ ხოლმე“,-მიმართა ვაშაძემ გვენეტაძეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ გაუფასურდა ლარი.

„თუ ლარი გაიფასურდა, თქვენ რა გააკეთეთ? რაც ილაპარაკეთ ტექსტი, ხალხისთვის არის ბელეტრისტიკა იმიტომ, რომ ხალხი ლარის კურსს უყურებს, რომელიც გაუფასურდა. აქედან გამომდინარე შეაფასეთ, ცუდი ხართ, კარგი და თუ ადამიანებისთვის ცუდი ხართ, რატომ არ გადადექით“, - მიმართა ვაშაძემ გვენეტაძეს.

გარდა ამისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ზარქუას მიმართა, „ნერვები დაეწყნარებინა“.

„ნუ მეპასუხები, კითხვებს ვსვამ, მე ამის უფლება მაქვს. ამიტომ, დაიწყნარეთ ნერვები და დადუმდით, თუ შეიძლება“,- მიმართა ვაშაძემ ზარქუას.