ისინი თქვენზე ამბობენ, რომ პოლიტიკური ველიდან გაგაქრობენ, მაშინ როდესაც თქვენ მათკენ თანამშრომლობის ნაბიჯებს დგამთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის ფაქტორში“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს მიმართა.
კითხვაზე, რას ნიშნავს გონივრული ვადა და როდემდე დაელოდებიან დოკუმენტზე „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელის მოწერას, ამილახვარმა განაცხადა, რომ გონივრული ვადა შესაძლოა, იყოს რამდენიმე დღე ან კვირა და ეს პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული.
„პრინციპში, ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები ამ ფანჯარას არ ვხურავთ, მაგრამ გონივრული ვადა შესაძლოა, იყოს რამდენიმე დღე ან კვირა, ეს პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარეა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ და ჩვენი გუნდი, მათ როგორც არაერთხელ გადათქვეს თავიანთი სიტყვა ახლაც ასევე მოხდება და ახლო მომავალში ისინი ხელს მოაწერენ. სხვა პოლიტიკური ახსნა ამას, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან და მათ ამომრჩეველთან, უბრალოდ არ ექნება. მათმა პოლიტიკურმა სიტყვამ პოლიტიკური ფასი და წონა დაკარგა“, - განაცხადა ამილახვარმა.
ამასთან, „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს იგი რეპლიკით გამოეხმაურა.
„მინდა შევახსენო მას, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში სწორედაც „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად საუბრობდა იგი მრავალპარტიულ პარლამენტზე. დიახ, ეს რეფორმა „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა და პირველადაა წარმოდგენილი 9 პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ბატონო ვახტანგ, სულ ახლახან, როდესაც ნიკა მელიამ დატოვა საპატიმრო და სურათს ხატავდნენ, რომ ისინი თითქოს, კონსულტაციებს გაივლიდნენ ამომრჩეველთან, წაბრძანდა და და კონსულტაციები მის ბელადთან გაიარა, ის აკეთებდა განცხადებებს, რომ პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური ველიდან ხომ არ გაექროთ პატარა პოლიტიკური პარტიები. ის ამის განცხადებას სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ აკეთებდა. ამის შემდეგ, უბრალოდ, არ მესმის თქვენი ეს ოპტიმიზმი და მოლოდინი, რომ მათთან პოზიტიური თანამშრომლობის სურვილს ხედავთ. უბრალოდ, ეს არა ნიშნის მოგებით შეგახსენეთ. ისინი თქვენზე ამბობენ, რომ პოლიტიკური ველიდან გაგაქრობენ, როდესაც თქვენ მათკენ თანამშრომლობის ნაბიჯებს დგამთ“, - დასძინა ამილახვარმა.
ვახტანგ მეგრელიშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა, რომ დარჩენილი 30 წევრის პარლამენტში შესვლას ის სიხარულით ელოდება.