კახა კუჭავა: როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი

კახა კუჭავა: როცა ნიკა მელია პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი

„შარლ მიშელის დოკუმენტი, მისი პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის, ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა პატიმრობიდან გამოვა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ჟურნალისტების მიერ ნიკა მელიას შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ამ პოლანიზაციის ინტერესი საქართველოში პოლარიზაციის კლების მიმართ.

„რა თქმა უნდა, ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს. თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაიკლოს დაიკლოს, ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა , რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ. ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ ჯერ ვერავისზე ვიტყვით, ვინმე არის თუ არა დამნაშავე. საუბარია გირაოზე, ხოლო გირაო დადგა იმ კონკრეტული ფაქტის შემდეგ, რაც განხორციელდა საჯაროდ, საზოგადოების წინაშე, პირდაპირ ეთერებში და ამან გამოიწვია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩემი აზრით, ძალიან დიდი და წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის მხრიდან და უნდა მივიღოთ ეს ნიშნად, რომ მათ სურთ საქართველოში ახლა საბოლოოდ დასრულდეს პოლარიზება, დაწყნარდეს სიტუაცია დაუბრუნდეს ყველა თავის ადგილს და პარლამენტში გააგრძელოს მუშაობა,“- განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 8 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.