მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა

მიხეილ სარჯველაძე: ნიკა მელია რომ პოლიტპატიმარი ყოფილიყო, ევროპული ფონდი გირაოს არ გადაუხდიდა

ევროპელებიც ვერ მიხვდნენ იმ ახირებულ დამოკიდებულებას, რაც გირაოს გადახდის საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიას ჰქონდათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპელებმა იფიქრეს, დავამთავროთ ამ თემაზე ლაპარაკიო და გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან სარჯველაძის თქმით, ის, რომ ევროპელებმა მიიღეს გირაოს გადახდის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტპატიმრობაზე არაა საუბარი. „აქ რეალურად გვაქვს თანამშრომლობა ხელისუფლებასთან. პირიქით უნდა შევხედოთ ამ საკითხს. შარლ მიშელის ხელშეკრულებაში გამოყენებულია ფორმულირება, რომ ნიკა მელია არაა პოლიტიკური პატიმარი. იქ ნათქვამია, რომ მელია არის პოლიტიკურ პატიმრად აღქმული და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური პატიმრობა. ეს პირიქით იმის დასტურია, რომ არ არის პოლიტიკური პატიმრობა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.