გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან ამ პირობების მიღება, ევროკავშირის გირაოს გადახდის მიღება თავისთავად ნიშნავს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ძალიან რთულად წამომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მგონია, რომ არა მხოლოდ უნდა გამოვითხოვოთ, ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზება. უნდა ვიპოვოთ ის წერტილი, სადაც კონსესუსს მივაღწევთ და ვიტყვით, რომ აი, ეს მუხლი შესრულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.