ვის ეჯიბრება ნიკა მელია, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება? - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„საზოგადოების წინაშე მელიამ რაც განაცხადა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა. ახლა ამნისტიაზეც იგივეს ამბობს, რომ არ ეთანხმება ამნისტიას და დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტიასაც დაეთანხმება. რაში სჭირდება, ვის ეჯიბრება, სახელმწიფოსა და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ეჯიბრება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.