ნიკა მელიას ქრონოლოგია ასეთია: ვერ დამიჭერთ - დაიჭირეს, არ გადავიხდი - გადაიხადა, არ გამოვალ - გამოდის. დასკვნა ასეთია, ნიკა მელიას რომ გმირობანა არ ეთამაშა და ეს ნაბიჯი რამდენიმე თვის წინ გადაედგა, პოლიტიკურად ნაკლებად დაზიანდებოდა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე განწირული იყო და ახლა ის ამნისტიასაც მიიღებს.
„როგორც მისი რწმენა გირაოსთან დაკავშირებით - „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიმძს“ შეირყა, ასეთივე მომავალი ელოდება მის მიუღებლობას ამნისტიასთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიკეთო, სწორი, კანონზომიერი ნაბიჯი და ვერც ნიკა მელია, ვერც მე და ვერც ვერავინ სხვა, ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, რადგან ეს არსი ქვეყისთვის აუცილებელი.
ნიკა მელიას პოზიცია თავიდანვე იყო განწირული, თუმცა მან ეს არ დაიჯერა და აი, შედეგიც. გამომდინარე აქედან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიიღებს ამნისტიასაც“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, მელია „მისი პარტიის ფაქტიური თავმჯდომარის“ მახეში აღმოჩნდა და ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად დაზიანებული იქნება.
„მე მგონი, ნიკა მელიამაც აღარ იცის, ვის თამაშს თამაშობს. პირველი ეტაპი 10-0 წააგო მისივე პარტიის ფაქტიურ თავმჯდომარესთან, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, მის მიერ დაგებულ პოლიტიკურ მახეში და გამომდინარე აქედან, ნებისმიერ შემთხვევაში, დარჩებოდა ციხეში, თუ გამოვა, პოლიტიკურად დაზიანებული იქნება“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.