ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ბათუმში, სადაც 2-3 ადამიანი იდგა, კაფეებში ან ქუჩაში, ბევრჯერ შევესწარი ვასაძის შესახებ კამათს. 2-3 მეტრში, გვერდით მაგიდასთან მსხდომთა საუბარი, უნებლიეთ გესმის. ასეთ ფარაზასაც მოვკარი ყური: "მაი იზამს, ეროვნულია...". რას იზამსო, ვეღარ გავიგე. მეორე მხარესაც ჰქონდა საპირისპირო მოსაზრებები.
ლევან ვასაძის განხილვას არ შევუდგები. დიდი ხანია მოდის პოლიტიკაში და მოვიდეს. ვინც მისი კონკურენტი იქნება არჩევნებში, მან ინერვიულოს. პროცენტებსაც და ამბიციებსაც არჩევნები ალაგებს.
მხოლოდ გარკვეულ ნიუანსებზე გავამახვილებ ყურადღებას.
პირველი. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ინტერესები ჩვენ უნდა დავიცვათ, ნებისმიერი ხელისუფლების დროს. ჩვენ კი გვგონია, ვინმეს ავირჩევთ და ის მიხედავს ყველაფერს.
რამდენჯერმე დავწერე, რომ მოსახლეობა აქტიურად და ჭკვიანურად უნდა იყენებდეს საკუთარ ბერკეტებს. ერთი ბერკეტია სწორი არჩევანი, მეორე საზოგადოებრივი აქტიურობა, თუნდაც პროტესტის ფორმით.
ჩვენთან, თუ მოხდა სასწაული და ხალხმა რაიმე კონკრეტული საკითხი გააპროტესტა, ჩაუდგებიან სათავეში მარგინალები და ეგრევე რევოლუციას იწყებენ, რაც ერთი და იგივე შედეგით მთავრდება. ბოლოს ნიჰილიზმი ისადგურებს.
მხოლოდ თემატური აქტივობებით გავაგონებთ ხოლმე ხმას ხელისუფლებებს. არ მოგვწონს რაიმე კანონი, უნდა გავაპროტესტოთ ეს კონკრეტული კანონი. ასე ხდება ყველგან.
სსრკ-ს დროს ახერხებდა ხალხი ენის საკითხის დაცვას. დღეს ვილანძღებით, ვიწყევლებით ფეისბუკში და გვგონია, ვიღაც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს.
იგივე ეროვნული თემები, თუკი სადმე იზღუდება, ან სკოლაში, ან მედიაში, ვაპროტესტებთ?
მეორე. რას ვგულისხმობთ ეროვნულობაში? ვის როგორ ესმის? ასევე, როგორ ვასკვნით, რომ ადამიანი ეროვნულია, ლაპარაკით, ინტუიციით?
დავუშვათ, მოგვეჩვენა, შევაფასეთ, რომ ადამიანს ჩვენთვის მისაღები ღირებულებები აქვს. როცა საარჩევნო ჯიხურში შევდივართ და ვინმეს, პარტიას ან პირს ვხაზავთ, რა კრიტერიუმებით ვარჩევთ, რომ შეიძლება ქვეყანა ვანდოთ, მხოლოდ ეროვნულობით? არაკვალიფიციური პატრიოტი ან კვალიფიციური არამზადა არ გვინახავს? ე.ი. უნდა შევახამოთ.
კიდევ ერთ მომენტს დააკვირდით, ვინც რომელიმე პოსტზე გულებს, მოწონებებს "ხატავს", გადადით მათ ველზე და შეაფასეთ რას წერენ, რას აპროტესტებენ ფეისბუკის მეშვეობით, რა ავატარები უყენიათ ფოტოებზე და ა.შ. საინტერესო სურათს მიიღებთ.
ესეც აქ უნდა დავწერო. ამ ბოლო დროს ბევრჯერ წამიკითხავს: რა მნიშვნელობა აქვს რუსეთიდან მართულები ვიქნებით თუ ამერიკიდანო?
ამდენი ომის, გაუქმებული ავტოკეფალიის, მეზობლებისთვის ჩვენი ტერიტორიების დარიგების და ბოლოს ორი რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ამ კითხვას რომ ადამიანი დასვამს, მისი ეროვნულობა არ გაიშვა.
მართული არცერთი უცხო ქვეყნიდან უნდა იყო. გავლენის ქვეშ იქნები, როცა პატარა ქვეყანა ხარ, მგლების გარემოცვაში. თუმცა, გააჩნია გავლენას. ამავე დროს, შენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა და შენს პარტნიორების ინტერესებთან შეჯერება უნდა შეგეძლოს. თუ ვერ ახერხებ, ის კი არა, შენ ხარ დამნაშავე, მთავრობა და მოსახლეობა.
ამას წინათ აშშ-ს საელჩომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დაგვიწუნა. არის მათი საქმე? არა. მაგრამ მიაჩვიეს ხელისუფლებებმა და გატრუნულები ვართ ჩვენც. საკუთარ ქვეყნებში მოიკითხონ იგივე კანონები წვეილმანი ხულიგნობის შესახებ (ცალკე დავწერ). გაითვალისწინა ხწლისუფლებამ? არა.
მაგრამ მათ საკუთარი ინტერესები აქვთ. ჩვენი ინტერესიცაა დასავლეთთან მეგობრობა. თუ არ მოგვწონს, რასაც "გვატენიან", ნუ "შევიტენით".
წინა პოსტს ყველამ არ მიაქცია ყურადღება, იმის მიუხედავად, რომ სულ ერთი წინადადება იყო. აქაც გავიმეორებ: ფსევდოდასავლური, ფესვდოლიბერალური (ჯერ ლიბერალური არ გაიშვა, მერე მისი ფსევდო), ფსევდოდემოკრატიული ღირებულებების ტირაჟირება, ნოყიერი ნიადაგია ფსევდოპატრიოტიზმისთვის, ფსევდოეროვნულობისთვის, რითაც ყოველთვის ისარგებლებენ...
ავხსნი. როცა ჩვენი პოლიტიკოსები ან პარტნიორები თავს ფსევდოდასავლურ ღირებულებებს გვახვევენ, გასაქანი ეძლევა სხვა ძალებს ითამაშონ ამ გრძნობებით და გარემოებებით.
ხომ გახსოვთ, პროდასავლურის საპირწონედ პრორუსულობამ რომ არ იმუშავა, ახალი ტერმინი შემოაგდეს - "პროქართული". ასე ამბობდნენ, ჩვენ არც ერთი ვართ, არც მეორე, ჩვენ პროქართულები ვართო. ზოგიერთების "პროქართულობა" და ზოგადად ეს თემაც გაბახდა, რადგან ფსევდო და მართული იყო. ეს შეფასებები ჯერ კიდევ ძველ სამსახურშია გაკეთებული.
ყველა არჩევნებმა და კვლევებმა აჩვენეს, რომ 25-50% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია.
ამ ნიშის დაკავებას, ასევე სხვებისთვის ხმების წართმევას მათ შორის ეროვნულობის ნიშნით შეეცდებიან, რადგან საზოგადოებაში სწორედ ეროვნულობაზეა ძალიან დიდი მოთხოვნა".