დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ეხმაურება.
როგორც ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის მინიჭებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. დღეს მეექვსე ვაქცინა დაემატა ავტორიზირებული კოვიდ ვაქცინათა სიას. აქამდე ავტორიზირებული იყო: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკას“ ორი ვაქცინა, „ჯონსონ & ჯონსონი“, ამერიკული „მოდერნა“, დღეს ჩინურ ვაქცინა დაემატა. ასევე, რიგში დგას მეორე ჩინური ვაქცინა „სინოვაკი“. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად უფრო მეტად გაუმჯობესდება ვაქცინების ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, გლობალურ ბაზარზე დიდი დეფიციტია ვაქცინების. დღეს აცრილია მხოლოდ, მსოფლიო მოსახლეობის 7%-დან 8%-მდე ორჯერადად, რაც ძალიან ცოტაა. განსაკუთრებული პრობლემებია, განვითარებად სამყაროში. იმიტომ რომ, მდიდარ ქვეყნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამიზნე მოსახლეობის 25%-დან -30%-მდე აიცრა და ბევრგან ეს ორჯერადი აცრებიც გახლავთ.
ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია ვაქცინების. „სინოფარმის“ აღიარება, ასევე განათავსებს „სინოფარმს“ კოვაქს პლატფორმაზე. რისი საშუალებითაც ხდება მომარაგება განვითარებადი ქვეყნების, რომ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაჩქარდება იმუნიზაციის პროცესები განვითარებად სამყაროში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.