„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის წარმომადგენლებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია უმოკლეს ვადებში იქნას გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან.
ვაშაძე ფასილიტატორებს მადლობას უხდის მედიაციისთვის.
"მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.
მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება,რათა უმოკლეს ვადებში იქნეს ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან", - აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. აღნიშნულს არ ადასტურებენ საქართველოს პროკურატურაში. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ. გირაოს ჩარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილიც.
ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, "მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი”.
"დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება", - აცხადებს ბოტკოველი.