თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულებზე მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

თამარ გაბუნიას განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულებზე მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი

სააღდგომო დღესასწაულების გამო მომატებული სოციალური აქტივობებიდან გამომდინარე, ამ ორკვირიან პერიოდში ინფიცირების გარკვეული მატება შესაძლოა იყოს და დაემთხვევა მაისის შუა რიცხვებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სექტორი მაქსიმალურ მობილიზაციაში რჩება, 6000-მდე საწოლი უკვე მობილიზებულია და დამატებით, იგეგმება საწოლების მობილიზება.

„ამ პერიოდში ისევ მნიშვნელოვანია აქტიური ტესტირება და ადრეული გამოვლენა, თუკი იყო ეფექტი და უარყოფითი შედეგი სადღესასწაულო დღეებში ეს უნდა გადავაზღვიოთ იმით, რომ ადრეულად მოხდეს ინფიცირებული პირების გამოვლენა. სტატისტიკა ნარჩუნდება 1500-მდე ახალ შემთხვევაზე დღეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, უკვე შევედით პიკურ პერიოდში და შესაძლოა, მცირე მატება იყოს, თუმცა ამაზე მეტი შემთხვევა იმ რეგულაციების ფონზე, რომელიც დღეს არის დაწესებული, მობილობის ამგვარი რეჟიმით აღარ უნდა მივიღოთ”, - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 319 266 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 298 807, გარდაიცვალა 4 245 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.