ამირან გამყრელიძე: რეინფიცირება გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის

ამირან გამყრელიძე: რეინფიცირება გახშირდა და შემთხვევები მსუბუქად არ მიდის

განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა. ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 319 266 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 298 807, გარდაიცვალა 4 245 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.