სრულად ნიკა მელიაზეა დამოკიდებული დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ დატოვებს ამ დაწესებულებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას ამნისტიის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ნიკანორ მელიას ხელშია როდის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, რომ თუ ეს ადამიანი გადაიხდის ან ევროკავშირი უზრუნველყოფს გირაოს თანხის დაფარვას, მაშინ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. ეს ავტომატურად ნიშნავს უახლოეს დღეებში მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლას. სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თუ დატოვებს ამ დაწესებულებას.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკანორ მელიას ღირებულებებს, 19 აპრილის ტექსტზე ხელმოწერის დროს „ქართული ოცნება“, ქართული საზოგადოება, ევროპელი პარტნიორები იდგნენ ერთ მხარეს და ასევე ოპოზიცია, ვინც მაღალი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი იმ სივრცეში არ იყო. ეს მრავლისმეტყველია და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ არიან არც დასავლური, არც ევროპული და არც ევროატლანტიკური ღირებულებების ერთგული. მათთვის არაფერს ნიშნავს დასავლეთი, ჩვენი მისწრაფება დასავლეთისკენ და ამიტომ არიან გაჯიუტებულები. ისეთ თამაშში შევიდნენ, საიდანაც ვერ გამოდიან. მესმის ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მეტად წარმოაჩენს თავის სახეს. მე არ მიკვირს ეს დამოკიდებულება, რომ ისინი პოლიტიკურად თამაშობენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.