ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა შეეშვას ბავშვურ თამაშებს, გირაოზე თანხმობა მნიშვნელოვანია და იმედი დავიტოვოთ, რომ საბოლოოდ ნიკანორ მელია მაინც ამ პოზიციას გამოხატავს

ირაკლი კობახიძე: ყველა უნდა შეეშვას ბავშვურ თამაშებს, გირაოზე თანხმობა მნიშვნელოვანია და იმედი დავიტოვოთ, რომ საბოლოოდ ნიკანორ მელია მაინც ამ პოზიციას გამოხატავს

გირაოზე თანხმობა არის მნიშვნელოვანი და იმედი დავიტოვოთ, რომ საბოლოო ჯამში ნიკანორ მელია მაინც ამ პოზიციას გამოხატავს. ის დღემდე ჭირვეულობს და ძალით რჩება ციხეში, რაც ალბათ უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს არის ბავშვური თამაშები. ყველამ იცის, გირაოზე დათანხმებისთანავე ნიკანორ მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოვიდეს საპატიმროდან და ახლა უკვე ამნისტიის კანონიც იქნება მიღებული. დანარჩენი არის მათი და პირადად მელიას ბავშვური თამაში, რაც არაფერს აძლევს არც მას და არც საერთო საქმეს, რაც ქვეყანას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა შეეშვას ბავშვურ თამაშებს. გირაოზე თანხმობა არის მნიშვნელოვანი და იმედი დავიტოვოთ, რომ საბოლოო ჯამში ნიკანორ მელია მაინც ამ პოზიციას გამოხატავს. ის დღემდე ჭირვეულობს და ძალით რჩება ციხეში, რაც ალბათ უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

4 მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.