მთავარია ბევრი ადამიანი აიცრას, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ყოველდღიური ინფიცირებულთა მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1 500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარია ბევრი ადამიანი აიცირას, (განსაკუთრებით რისკის მქონე) რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.