ახლა მთავარია გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელიც ხელმისაწვდომია, დღეში 1 400-1500 ინფიცირებული ეს არ არის ცოტა - სერიოზული დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
„ყველა ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ. ვისაც შეგვიძლია და ამაზე ხელი მიგვიწვდება, ვაქცინა უნდა გავიკეთოთ, ვისაც ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა ან სურვილი არ აქვს, პირბადე მაინც გაიკეთოს სწორად“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.