„შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ჩვენ დავაინიცირებდით და მივიღებდით ამნისტიის შესახებ კანონს, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებოდა ყველა ის საგამოძიებო პროცესი, რომელიც დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან“, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე.
„ეს ეხებოდა, როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ, ასევე, იმ პოლიციელებს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება ძალის გადამეტების გარკვეული ბრალდებით. შესაბამისად, ეს საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტში ძალიან ცალსახადაა გაწერილი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედება, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, უნდა დაიხუროს,"-აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გივი მიქანაძე.
მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მათ, ვინც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიან სასჯელს.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო პროექტი - პარლამენტს დატვირთული დღის წესრიგი აქვს. უკვე მომავალი კვირიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას გეგმავენ. ცნობილია, რომ საარჩევნო პროექტზე სამუშაო ჯგუფის წევრები 10 მაისს შეიკრიბებიან.
ამნისტიის შესახებ, მმართველი გუნდის კანონპროექტი ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. რა წერია დოკუმენტში, დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე. კანონპროექტით, ამნისტია არ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გამონაკლის მუხლებზე: 117-ე მუხლი — ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; 144-ის პრიმა მუხლები — წამება, წამების მუქარა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.