„ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისი განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.
„შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამასთან, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება.
დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.