ფეისბუქ-მომხმარებელი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ორიოდე დღის წინ გახლდით უცნობთან " კიდობანში" სანაიას საქმესთან დაკავშირებით, როგორც დაკავებული სამეულის მეზობელი და მასწავლებელი!
რაკი ერთ-ერთი ამ სამიდან, ვაჟიკო გიგაური, მამით ობოლია, შეუძლოდ მყოფმა დედამ მთხოვა, მისი მაგივრობა გამეწია და წავსულიყავი სტუდიაში, რასაც სიხარულით დავთანხმდი!
სიხარულით იმიტომ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გამომეთქვა ჩემი აზრი, ობიექტურად დამეხასიათებინა სამივე და გულწრფელად მომეთხრო დაინტერესებული საზოგადოებისთვის ამ ბიჭების შესახებ ...
როგორ მოხერხდა ეს, არ ვიცი, მაგრამ ამჯერად ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი...
მეორე დღეს გადავავლე თვალი ლაივჩართვის კომენტარებს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც გამოთქვამს თავის აზრს ამ გადაცემასთან დაკავშირებით, ვინც მხარს უჭერს ამ უდანაშაულო ბიჭებს და ვინც არ უჭერს, მათაც , მაგრამ განსაკუთრებით ვემადლიერები მათ ( ისინი ბევრნი არ არიან!), ვინც უშვერი სიტყვებით გვლანძღავს მშობლებსა და პირადად მეც და ჰგონიათ, ამით რამეს გვიშავებენ!
არა, ჩემო ძვირფასებო, სრულიად პირიქით !
ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა კარგ სამსახურს გვიწევთ ამ ლანძღვით, ცილისწამებითა და შეურაცხყოფით, განსაკუთრებით ვნების კვირაში და მეტადრე - პატიმრის გულშემატკივრობისთვის!
ჩვენთვისა და თავად ამ ბიჭებისათვის ეს აუწონელი სიკეთეა, რადგან თქვენ , მლანძღველებო და ცილისმწამებლებო, გვეხმარებით წამებულ და შეურაცხყოფილ მაცხოვართან მიახლოებასა და სულის გადარჩენაში!
მართლა არ იცით, რასა იქმთ, ჩვენ კი ვიცით და ამისთვის გ მ ა დ ლ ო ბ თ !!!
ახლა ზუსტად ვიცი, როგორები გამოვლენ ბიჭები ციხიდან და როგორ წარიმართება მათი ცხოვრება!
კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩემი გულწრფელი მადლობა”!