ლევან იოსელიანი: რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვებს მოხსნის

ლევან იოსელიანი: რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვებს მოხსნის

ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ხელს უწყობს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, დაასრულებს ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასკვნაში ნახსენები ყველაზე მნიშვნელოვანი მითითებაა, რომ საარჩევნო კოდექსი იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა, თუ ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესს.

,,ძალიან მიხარია რამდენად პოზიტიურად არის ასახული ეუთო/ოდირის დასკვნაში ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ პირველი მოსმენით დავაინიცირეთ. მნიშვნელოვანია, რომ ის პუნქტები, რომლებზეც მითითებულია, გათვალისწინებული იყოს და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეს ძირითადად ეხება დაკომპლექტების წესს და 2/3-ით გადაწყვეტილების მიღებას, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით არის გარანტირებული, ამასთან დაკავშირებით დავიწყებთ კონსულტაციებს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან. ყველაზე მთავარი რაც ამ დასკვნაშია მითითებული არის ის, რომ ეს დოკუმენტი უნდა იყოს ინკლუზიური და მოიცავდეს ყველა პოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესს. კონსენსუსის საგანი უნდა იყოს, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად. ეს რეკომენდაციები ნამდვილად უწყობს ხელს იმგვარი კანონის მიღებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნას გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული.