შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი პოზიტიურად არის შეფასებული

შალვა პაპუაშვილი: ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი პოზიტიურად არის შეფასებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში საარჩევნო რეფორმის პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში შეიქმნა, პოზიტიურად არის შეფასებული.

მისივე თქმით, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არის დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე ცესკოს პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებაზე და ტექნოლოგიის შემოღების იდეა.
„ამავე დროს გამოთქმულია რამდენიმე რეკომენდაცია. ხაზი უნდა გაესვას, რომ რეკომენდაციები იყოფა ძირითადად და დამატებითად. ძირითადი რეკომენდაციები შეეხება სრულად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, კერძოდ, კვალიფიციური უმრავლესობით საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს და ეს 19 აპრილის შეთანხმებაში უკვე არის ასახული, შესაბამისად, ეს ისედაც იგულისხმება, რომ საარჩევნო რეფორმა ამ დათქმით გატარდება. ამავე დროს მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის შენიშვნა, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა დანიელსონის შეთანხმების პირველ ვერსიასთან. გახსოვთ, რომ მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით ორ მესამედთან დაკავშირებით, ეს მიგვაჩნდა ჩვენ პრობლემატურად, თუკი არ იქნებოდა დაბლოკვის საწინააღმდეგო რაიმე მექანიზმი. ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ იქნება კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, იქნება ეს ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრები საოლქოში. მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ არსებობდეს ეფექტიანი დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი და სწორედ ამ სულისკვეთებით განხორციელდება საარჩევნო რეფორმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, საარჩევნო რეფორმის მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა განხორციელდეს, რადგან არჩევნებამდე საკმარისი დრო ჰქონდეთ როგორც პარტიებს, ისე საარჩევნო ადმინისტრაციას.

„მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ლევან იოსელიანთან. ვფიქრობთ, რომ უახლოეს ვადებში, დაახლოებით ალბათ 10-11 მაისისთვის იქნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შემოუერთდებიან ის პარტიები, რომლებიც დამატებით არიან ახლა წარმოდგენილი პარლამენტში. მათთან ერთად ვენეციის კომისიისა და 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე განვაახლებთ ამ კანონპროექტს და შემდეგ უკვე დაიწყება პროცედურები კანონის მიღებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი დასკვნას გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული.