„კატასტროფული კანონი მიიღო „ოცნებამო“, ამბობენ და კაციშვილმა არ იცის, რაზეა ლაპარაკი“, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ის სამი ცვლილების შინაარსს პუნქტების მიხედვით განმარტავს:
„ცვლილება 1.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა და პირველ ივნისამდე უნდა მიგვეღო. აქამდე, ადმინისტრაციულად დაკავებული პირი სამუშაო დღეებში 12 საათში წარედგინებოდა სასამართლოს, არასამუშაო დღეებში - 48 საათამდე იყო ვადა. ცვლილებაში ჩაიწერა - ყველა პირველივე შესაძლებლობისთანავე, უნდა წარედგინოსო და არაუგვიანეს 24 საათისა, რაც კიდევ 24 საათი შეიძლება გახანგრძლივდეს. მოკლედ, კონსტიტუციაშიც ეს მაქსიმალური ვადა წერია.
ცვლილება 2.
აქამდე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. ეს არ შეცვლილა, მაგრამ დაემატა, რომ 1 წლის განმავლობაში თუ მეორედ, მესამედ და ა. შ. თუ გაიმეორებს - 1500-დან 2000 ლარამდეა ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.
ცვლილება 3.
პოლიციის წინააღმდეგობისთვის აქამდე იყო ჯარიმა 1000-დან 4000 ლარამდე ან 15 დღემდე პატიმრობა. აქ შეიცვალა ჯარიმა და გახდა 2000-დან 3000 ლარამდე. პატიმრობის ვადა არ შეცვლილა. ანუ ჯარიმის ქვედა ზღვარი 1000 ლარით ავწიეთ და ზედა ზღვარი ამდენივეთი დავწიეთ. განმეორების შემთხვევაში (როგორც მეორე ცვლილებაში) - ჯარიმა 3500-დან 4500 ლარამდე ან პატიმრობა 7-დან 15 დღემდე.
ესა სულ, კატასტროფაა ფაქტიურად ხომ?!
და კიდევ, ოპოზიცია სრულად რატომ არ იყო ჩართულიო. სხვათა შორის, პარლამენტში ახლადშემოსული ოპოზიცია არც პანდემიის თემით, არც მის მიერ გამოწვეული პრობლემებით არ დაინტერესდა და არც უსაფრთხოებისა და ოკუპაციის თემით, არც ერთ მოსმენას დაესწრო და რისი ათასი ლარით ჯარიმის გაზრდა და შემცირება, ხო მშვიდობა გვაქვს?“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
29 აპრილს პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.