გია ვოლსკი:  პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - ემსახუროს სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

გია ვოლსკი:  პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - ემსახუროს სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას

სააკაშვილს ჰქონდა და დღემდე აქვს რევოლუციური სტრატეგია - თუ ამ უარყოფით ტრენდს ვინმემ შეძლო და უარი უთხრა, საკმაოდ სერიოზული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა, ეს მოქმედებს ფსიქოლოგიურად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელისმომწერ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, პარლამენტში შესული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ისინი არც ჯანდაცვის მინისტრის და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენაზე არ მივიდნენ.

მისი თქმით, ჯერ- ჯერობით "პარლამენტში ოპოზიციის საქმიანობა იგივე ნიშნებით ხასიათდება, რაც მათი აქტივობები ქუჩაში."

"რასაკვირველია, მათაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეს და პრაქტიკულად ბულინგის გარკვეული პროცესი ჩაატარეს საკმაოდ გამიზნულად და კარგად ორგანიზებულად. ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსული ოპოზიცია ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემებს განიცდის ჩამოყალიბების თვალსაზრისით - ემსახურონ სახელმწიფოს თუ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამის მიზეზია თავდაპირველი გეგმა და სტრატეგია, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა და ამ სტრატეგიას დაუქვემდებარა პოლიტიკური სუბიექტები, ფაქტია, რომ გარკვეული გუნდი შეიქმნა, რომელმაც განავითარა ის რევოლუციური სტრატეგია, რაც ჰქონდა და დღემდე აქვს სააკაშვილს. თუ ამ გარკვეულ უარყოფით ტრენდს გამოეთიშა, ან ვინმემ შეძლო და უარი უთხრა, ის საკმაოდ სერიოზული შეტევის ობიექტი აღმოჩნდა. ეს მოქმედებს როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე გარკვეული ეჭვები შეაქვს გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც დამყარებული იყო საერთაშორისო მიდგომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ვოლსკიმ.