ზურა დათუაშვილი: ციტადელის რკინის ყრუდ დაგმანულ კარიბჭეზე

ზურა დათუაშვილი: ციტადელის რკინის ყრუდ დაგმანულ კარიბჭეზე "სკოჩით" თაბახის ფურცელი იყო გაკრული ლაკონური წარწერით: “მამა აბელი (ტელეფონის ნომერი) ლოცვა იწყება პარასკებს ......

ისტორიკოსი ზურა დათუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ცურტავის ტერიტორიაზე მდებარეობს ქოლაგირის, იგივე დარეჯან დედოფლის ციხე, რომელიც ერეკლე მეორის მეუღლემ ააგებინა 1788-1798 წლებში.

ვიფიქრე, შვილიშვილებს ვაჩვენებ-მეთქი, ჩავჯექით მანქანაში და წავედით, მაგრამ ადგილზე მისულებს სიმაგრე საგულდაგულოდ დაბოქლომებული დაგვხვდა.

ქოლაგირის ციტადელში ამჟამად წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერია განთავსებული. კი მაგრამ, მონაზვნები მაინც სად იყვნენო, იკითხავთ ალბათ. მეც ამან დამაინტერესა და ძეგლის სიახლოვეს მცხოვრებთ გამოვკითხე. როგორც გაირკვა, ისინი მონასტერში მხოლოდ ორი დღე, პარასკევს და შაბათს მოდიან. ციტადელის რკინის ყრუდ დაგმანულ კარიბჭეზე "სკოჩით" თაბახის ფურცელი იყო გაკრული ლაკონური წარწერით: “მამა აბელი (ტელეფონის ნომერი) ლოცვა იწყება პარასკებს 18:00 სთ/ზე წირვა შაბათს 09:00 სთ/ზე" (სტილი დაცულია).

რამდენჯერმე დავურეკე მამა აბელს, იმ იმედით, შეიძლება სადმე ახლოს ცხოვრობს და კარიბჭეს გაგვიღებს-მეთქი, მაგრამ არავინ მიპასუხა.

მონაზვნები როდის მივლენ მონასტერში და მამა აბელი როდის ჩაატარებს წირვას, ჩემი საქმე არაა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაცული კულტურის ძეგლის დათვალიერება მათზე რატომ უნდა იყოს დამოკიდებული, არ მესმის. მაინცდამაინც ბოქლომი უნდა დავამსხვრიო, ან საალყო კიბეები მივაყუდო გალავანს და ისე შევაღწიო ციტადელის შიდა ტერიტორიაზე?