„ოპოზიცია, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, არც გუშინ და არც დღეს სხდომებს არ ესწრება, მაშინ როდესაც მათ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ვალდებულება აიღეს, რომ სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას განახორციელებდნენ“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ,ა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია დღეს დაკავებულია კრიმინალების გათავისუფლებით და კრიმინალთან დაკავშირებული საკითხებით.
„პარლამენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით კეთდება ანგარიში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრი იყო მოსული, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ეს ორი მიმართულება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი და რისი მომსწრენი ვართ? ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, არც გუშინ და არც დღეს ამ სხდომებს არ ესწრება მაშინ, როცა დოკუმენტის ხელმოწერით მათ ვალდებულება აიღეს, რომ სრულფასოვან საპარლამენტო ცხოვრებას განახორციელებდნენ. ეს არ არის სრულფასოვანი საპარლამენტო ცხოვრება და რითი არიან ისინი დღეს დაკავებულნი? დაკავებულნი არიან კრიმინალების გათავისუფლებით და მათთან დაკავშირებული საკითხებით. რურუა როგორ გამოვიდა ციხიდან ეს იყო მათი აქტუალური თემა, ახლა მათი დღის წესრიგია, რა ფორმით უნდა დატოვოს ნიკანორ მელიამ საპატიმრო დაწესებულება. საზოგადოებისთვის აბსოლუტურად ცალსახა და თვალსაჩინოა, რა ინტერესები ამოძრავებს ოპოზიციას და რა არის მათი დღის წესრიგი, მაშინ როდესაც უმრავლესობა წარმოდგენილია სრული შემადგენლობით დარბაზში, გუშინაც და დღესაც. ძალიან მწვავე და აქტუალური საკითხები იქნა გაჟღერებული, მიმდინარეობს დებატები იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან, ინტერესთან, უსაფრთხოებასთან, ხვალინდელ დღესთან არის დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ერთია, რომ იმას რასაც ჩვენ ამ ექვსი თვის განმავლობაში ვაცხადებდით, ეს არის ამ ორი დღის მარტივი დადასტურება, როდესაც ჩვენ ვხედავთ რომ ოპოზიცია აბსოლუტურად აიგნორებს და საერთოდ არ ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს და გამოდის იქიდან, რაც არის მისი ვიწრო ინტერესები. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ამაში, სამწუხაროდ, მათი მხრიდან ეს ხელშეკრულება ირღვევა. ასევე ოპოზიციის იმ რამდენიმე დეპუტატის მხრიდან, რომელმაც ხელი მოაწერა და არ დასწრებიან სხდომებს, არც დარეგისტრირებულან, სულ მცირე შემიძლია სამი ასეთი დეპუტატი დაგისახელოთ - დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე და ბაჩუკი ქარდავა, რომლებმაც მოაწერეს ხელი დოკუმენტს, მაგრამ ამ სამი დღის განმავლობაში ისინი არ გვინახავს ამ დარბაზში“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.