თუკი გამოეთიშე ქვეყნის ნგრევას და კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა, პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტში იმუშაო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, თავგამოდებით ცდილობს, როგორმე დააბალანსოს თავისი მდგომარეობა და მაინც დესტრუქციის ფორმატში ჩაჯდეს, რომელშიც ადრე იმყოფებოდა.
„აქ ევროკავშირის, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მეორე ადგილზეა გადასროლილი. მერკანტილური მოსაზრებებიც არის იმაში, რომ იყო რადიკალურ მხარეს, არ მუშაობდე პარლამენტში და ამით გარკვეულ პოზიციონირებას აკეთებდე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ქუჩაში აგინებენ და იმ საერთო გეგმის მოღალატეებს უწოდებენ, რასაც საქართველოს ერთობლივი ნგრევა ჰქვია. თუკი გამოეთიშე ამ ნგრევას, კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა, პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ იმუშაო პარლამენტში, სამწუხაროდ, ამის დემონსტრირება არ ხდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატებმა ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს მოუსმინეს. ოპოზიციის ნაწილი სხდომას არ დაესწრო.