„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას აზრით, ამნისტიის კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერი დამატებითი კონფლიქტის წყარო იქნება.
„რაც შეეხება დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერს, წარმოიდგინეთ, ნიკა მელიას ქმედებითაც ფორმალურად ვიღაც არის დაზარალებული, ვთქვათ, პოლიციელი და ჩვენ ნიკა მელიას ამნისტია შევახოთ და მოვითხოვოთ დაზარალებული პოლიციელების თანხმობა, კიდევ დამატებითი კონფლიქტის გაღვივების წყაროს გავაჩენთ“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის არსებითი განსხვავება არ არის.
„ჩვენ ჯერ უნდა შევთანხმდეთ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც უნდა დაისაჯოს, ვის დასჯას ვაპირებთ. მოდი, განვიხილოთ, არიან თუ არა ეს ადამიანები დასასჯელები და შევძლებთ თუ არა აქ მყოფები მათთვის რამის პატიებას. გუშინ, ვესწრებოდი ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ დისპუტს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ პროექტის მხარდაჭერა არაა ტრაგედია, ოპოზიციის პროექტი კი კარგად მართლა ვერ გავიგე, დიდი ხანი ვცდილობდი, მომესმინა ბატონი შავგულიძისთვის, მაგრამ ვერ გავიგე და კიდევ დაკვირვებით წავიკითხავ. განსხვავებასაც ვერ ვხედავ, მგონია, რომ კონფლიქტი რომ არსებობდეს და ვიღაც იყოს გამარჯვებული, მხოლოდ ამისთვის არსებობს ეს დისპუტი. სინამდვილეში არაფერს აფუჭებს არც ერთი და არც მეორე ვერსია“, - განაცხადა ხვიჩიამ.
„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.