ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონი

ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონი

„ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან ავირიდოთ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება ​, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. ანრი ოხანაშვილმა კანონპროექტის შინაარსიც განმარტა.

„ამნისტია გავრცელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და სასჯელისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; ასევე, ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას; შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს (ამნისტია). ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოვეთ პოზიცია. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე - ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - პირი, რომელსაც არ სურს ისარგებლოს ამნისტიით, მას სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება ექნება“, - განმარტა ოხანაშვილმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტის თავის ვერსიას ხვალ დაარეგისტრირებს.