პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა დალოცა

პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, კახა კუჭავა დალოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„საქართველოს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარე, ბატონი კახაბერ (კახა) კუჭავა ეწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. კათოლიკოს-პატრიარქმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.