„ეს არის ძალიან ნათელი შედეგი, რომელსაც მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო მონაწილეობით. ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვლანძღავდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ძალიან გაბედული გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან, პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების შესახებ საუბრისას.
მისივე განცხადებით, ახლა მათი მიზანი ნიკა მელიას გათავისუფლებაა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ნახავენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას, სკეპტიკოსები, რომლებიც ბოლო დღეებია, უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვლანძღავდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი, ნიკა მელია რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და დავხუროთ პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და შეუპოვრად უზრუნველვყოთ ამ შეთანხმების შესრულება, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.