რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას ალბათ გვაჩვენებ საქმე და შეაფასებთ რამდენად შევძლებ ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კუჭავას თქმით, არჩილ თალაკვაძემ გადადგომით დაამტკიცა რომ „ქართულ ოცნებაში“ „არავინაა თანამდებობისთვის მოსული“.
„ფაქტი ერთი არის, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და როდესაც ვისაუბრეთ მასთან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან ძალიან კარგად ახსნა ეს მოტივი. ხშირად იმეორებდა, სხვათა შორის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავინაა თანამდებობისთვის მოსული და ამ ქმედებით ძალიან კარგად დაამტკიცა ის, რასაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვამბობდით“, - განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე კახა კუჭავა დაამტკიცეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა კანონმდებელმა დაიჭირა. 6-მა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა.