დარწმუნებული ვარ, კახა კუჭავა ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და საზოგადოება უახლოეს მომავალში ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება.
„კახა კუჭავა პროგრესული ადამიანია, რომელსაც კარგი განათლება აქვს მიღებული და ძალიან მოტივირებულია. ვფიქრობ, ის მზად არის და საუკეთესოდ გაუძღვება საქართველოს პარლამენტის მუშაობას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატები გველის. კახა კუჭავას აქვს კარგი გამოცდილება, როგორც საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, ასევე ის არის ძალიან კვალიფიციური, პროფესიონალი იურისტი. საერთაშორისო მიმართულებით აქტიურად იყო ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან პოზიტიურ როლს შეასრულებს საქართველოს პარლამენტის შემდგომ საქმიანობაში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და საზოგადოება უახლოეს მომავალში ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.