ირაკლი კობახიძე: ის, რომ სამ დეპუტატს მანდატებთან დაკავშირებით სარჩელი არ გამოაქვს, ეს შეთანხმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

ირაკლი კობახიძე: ის, რომ სამ დეპუტატს მანდატებთან დაკავშირებით სარჩელი არ გამოაქვს, ეს შეთანხმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

როგორც ჩანს, ვიღაცები დაინტერესებული არიან, შეთანხმების აღსრულებას დაბრკოლებები შეექმნას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ის, რომ სამ დეპუტატს მანდატებთან დაკავშირებით სარჩელი არ გამოაქვს, ეს შეთანხმების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ეს აჩვენებს მათ სულისკვეთებას. როგორც ჩანს, ვიღაცები არიან დაინტერესებული, რომ შეთანხმების აღსრულებას დაბრკოლებები შეექმნას და ამას ემსახურება სარჩელის არგამოიტანა საკონსტიტუციო სასამართლოდან.

თუ სასამართლო არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ ამან შესაძლოა, მიშელის დოკუმენტის შესრულებას პრობლემები შეუქმნას. არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, ეს შეიძლება გავრცელდეს სხვა დეპუტატებზეც. ესეც მარტივი პოლიტიკური თამაშია, რომელსაც აწარმოებენ ოპოზიციონერები კონკრეტული ოპოზიციური პარტიებიდან და ყველას მინდა ვურჩიო, ამ თამაშების ნაცვლად სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე ფიქრით დაკავდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამარ კორძაიას შუამდგომლობა, სარჩელის არსებითი განხილვის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა.

ამასთან, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.