გიორგი ვოლსკი: ამნისტია ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებზე

გიორგი ვოლსკი: ამნისტია ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებზე

ამნისტია პოლიტიკური აქტია, რომელიც ხორციელდება იმის მიუხედავად, რა შეხედულებები აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე უნდა აიღონ, გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ საქართველომ სტაბილურობას მიაღწიოს. შარლ მიშელმა და პროცესებში ჩართულებმა სრული ინფორმაცია მიიღეს. არსებობს მყარი პოზიცია როგორც პოლიტიკური სუბიექტების, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რაც მოხდა, ამის პროვოცირება მოახდინა პარლამენტში შემოჭრის სურვილმა და ნიკა მელიას მიერ ორგანიზებულმა, გათვლილმა სტრატეგიამ, რომ კონსტიტუციური წეს-წყობილება ძალისმიერი მეთოდით საქართველოში უგულებელყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, ძალადობის ფაქტების შეფასება სხვადასხვანაირია. პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურმა სუბიექტებმა თავის თავზე უნდა აიღონ, გულისხმობს არა კონკრეტულ გვარებს, არამედ აქტს, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაში. არც პოლიციელების ადვოკატი ვარ, მით უმეტეს, არც მელიასა და რურუასი, არც იმ ხუთი პიროვნების, ვინც გირაოთი დროებით არიან გამოშვებულები, მაგრამ ეს არის დამოკიდებულება, რაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა გამოხატონ პოლიტიკური ვითარების მიმართ და საქართველოში სტაბილურობისთვის ამ აქტით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ. ისეთი პოზიციებით გამოსვლა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს და სხვაც მასზე აყოლილია, მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.