POSTV-ის გადაცემა „სამნი & Co“ ნოდარ მელაძეს მორიგ სიცრუეში ამხელს.
საქმე ეხება ტელეკომპანია “პირველის” შაბათის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, რომლის ავტორი, მაკა ჩიხლაძე მოგვითხრობს, თითქოს, გარდაბნის რაიონში მდებარე, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი ბოსტნეულით რუსული ბაზარი მარაგდება.
გადაცემის წამყვანი, შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ ეს არის „ფეიკ ბრალდება“, სინამდვილე კი სულ სხვაა. საუბარია კომპანიაზე „პლანტა“, რომლის პროდუქციის დიდი ნაწილით ქართული ბაზარი მარაგდება და მხოლოდ მცირე ნაწილი გადის უცხოეთში. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში ადგილობრივების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული.
რეალობის გასარკვევად POSTV-ის გადამღები ჯგუფი გარდაბანში ჩავიდა და სიუჟეტის ერთ-ერთი რესპოდენტი, ავთანდილ ჯანხოთელი ჩაწერა, რომელიც ყვება, თუ როგორ დაუმახინჯეს ისტორია.
„ტვ პირველის სიუჟეტში ითქვა, თითქოს, ივანიშვილის ხალხმა 90 ჰექტარი წამართვა, რაც სრული სიცრუე და აბსურდია. ტერიტორია თავიანთ ხარჯზე შეისყიდეს და გადმოგვეცა სოფელს, ნაწილს თვითონ აწარმოებს, ინვესტიცია აქვს ჩადებული. მიწებზე სათბურებია განლაგებული და დღეს იქ დასაქმებულია სოფლის მოსახლეობის 90 %“, – ამბობს ავთანდილ ჯანხოთელი.
შალვა რამიშვილი ყვება, რა ხდება რეალურად.
„რუსეთისთვის არა, საქართველოსთვის ამზადებენ. ისტორია კი შემდეგია – გარდაბანში იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, რომელსაც ადგილობრივები საძოვრად იყენებდნენ. ეს საძოვრები სრულიად კანონიერად, ივანიშვილის კომპანიამ საბაზრო ფასად იყიდა. იმის გამო, რომ სათბურები გაშენდა და მოსახლეობა ამ ადგილს საძოვრად ვეღარ გამოიყენებდა, სოფლის მაცხოვრებლებს გაუკეთეს კოოპერატივი, მისცეს ფული, იყიდეს სხვა მიწა, რომელიც მათ მფლობელობაშია. ანუ ორმაგი სიკეთეა. როგორია ბიძინა ივანიშვილის სიკეთის კეთების ფორმულა. თუ რომელიმე ობიექტზეა საუბარი, ის ყოველთვის სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას, აშენებს მაგალითად „ბლექ სი არენას“ ან „ციცინათელას“ ან სხვა უზარმაზარ მილიონიან, ათეულობით, ასეულობით მილიონიან პროექტებს და გადასცემს საჩუქრად. ეს არის მისი კანონი. ძვირფასო ნოდარ, პირობას გაძლევთ, დაწვრილებით გაჩვენებთ რაც მოვყევი, დოკუმენტურად ასახულს, რამდენი გადაიხადეს, როგორ გადაიხადეს, როგორ გადავიდა ეს მიწა ამ სტრუქტურის მფლობელობაში, როგორ მუშაობს. ეს არის ქართული წარმოება საქართველოსთვის და ამ ყველაფერს ნახავს მაყურებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენი პროცენტი გადის ექსპორტზე, ძალიან მცირე რაოდენობა გადის. “მხილება” ხომ ჩვენი საყვარელი სიტყვაა“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.