სააკაშვილის სტრატეგიული გეგმა ემთხვევა იმ გეგმას, რაც რუსეთს გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
მან ისაუბრა იმ სამ პარტიაზე, რომლებიც პარლამენტში შესასვლელად ხელს არ აწერენ. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობაზე“, „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიაზე“. ვოლსკიმ აღნიშნული პარტიების ერთმანეთისგან განმასხვავებელ ნიშნებზე ვრცლად ისაუბრა და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მარგინალიზებული დარჩა და სურს ბრძოლოს ველზე არა კონსტრუქციულად, რევოლუციური იდეით დაბრუნდეს. მისი თქმით, ევროკავშირი, ევოკავშირის გზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანი არ არის.
„ყველა ოფიციალური დოკუმენტი მეტყველებს, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად საქართველოსთან ჰქონდათ ხვეწნა-მუდარა, უკაცრავად ამ ტერმინისთვის და კონსტრუქციული საუბარი, ნატოს ფორმატიდან რომ არ ამოვარდნილიყო, ესა თუ ის ნაბიჯი გადაედგა და შეენარჩუნებინა მოლაპარაკებების ფორმატი.
იგივე ხდება ახლა. ევროკავშირის იდეა არ არის ის იდეა, რომელიც რუსეთს დღეს სჭირდება და მსოფლიოში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგიული გეგმა. სააკაშვილის სტრატეგიული გეგმა ემთხვევა იმ გეგმას, რაც რუსეთს გააჩნია. ამასთან დაკავშირებით შემიძლია არაერთი მაგალითი წარმოვადგინო და მათაც ვუთხრა, ვინც მიტინგებზე ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით მიდიან და სადისტებს გვერდით უდგებიან - თვალი გაახილონ და გამოფხიზლდნენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.