ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, - ამის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, შეთანხმება, რომელსაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვიმყოფები თბილისში კიდევ ერთხელ. განსაკუთრებით სასიამოვნოა დღევანდელი ვიზიტი, ვინაიდან დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით და მე კარგად ვუწყი, რაოდენ დიდი ძალისხმევა გახლავთ ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე კარგად ვუწყი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მე მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ამ ხელმძღვანელობის გაწევისთვის, მე მადლობას გადავუხდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მათი მზაობისთვის და გადადგმული ნაბიჯისთვის. მე მსურს აგრეთვე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენი განცხადებისთვის, თქვენი მზაობისა და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბრძანდებით ჩართული მიმართულებაში, რომელიც უკავშირდება საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
დღესვე შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.