რასაკვირველია, საქართველოს ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი საკვანძო, მძიმე თემა ყოფილა - ომები, სხვისი თუ საკუთარი ომები, მაგრამ რაც დღეს ხდება და რისი თანამონაწილეებიც გავხდით, არის გარკვეული ისტორიული მომენტი, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს.
„შესაძლოა, თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით, ის ვერ აჭარბებს იმ ქარტეხილებს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რადგან ტურბულენტობის შუა ზონაში ვითარდება მოვლენები. თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს თუ რეგიონის მასშტაბით მიმდინარე პროცესებს, ამ მთლიან სურათში ევროკავშირისა და აშშ-ის ასეთი ინტენსიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ შეფერილობას სძენს ამ პროცესს. ჩვენ წამსვლელები ვართ, ქვეყანა რჩება და ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა - პოლიტიკური პარტიების. ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა სტაბილურობაა“ - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
დღეს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. დღესვე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.