იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია, რომ მისი ბენეფისი იყოს, ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია, რომ მისი ბენეფისი იყოს, ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო

შარლ მიშელის ვიზიტი განწირულია იმისთვის, რომ მისი ბენეფისი იყოს. ეს ვიზიტი ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებული იქნება და ჩვენ მას ტაშს დავუკრავთ. ის ამას იმსახურებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შედგენილი დოკუმენტი პარტიებმა „ეროვნული შერიგების სიმბოლოდ“ უნდა გამოიყენონ.

„გვინდა მოვუწოდოთ კოლეგებს, თუ რაღაც მიზეზების გამო პარტიულად ვერ ხერხდება, ინდივიდუალურად მოაწერონ ხელი ამ დოკუმენტს და აჩვენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ცივილური ქვეყანა ვართ. ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ცივილურ წესებზე რეაგირებს და დაადასტურონ კიდევ ერთხელ ის, რომ მათთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულებები. ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოსთვის. ერთი იმით, რომ დასავლეთიდან პოზიტიური ყურადღება მივიღეთ. თქვენ ხედავთ თვითონ დასავლელი პარტნიორები როგორ უყურებენ ამ დოკუმენტს და რა მნიშვნელობას ანიჭებენ მას. ჩვენ კი ეს დოკუმენტი უნდა გამოვიყენოთ როგორც ეროვნული შერიგების სიმბოლო, რომლის მერეც იგივენაირი ქცევა, როგორც ჩვენ წარსულში ვიქცეოდით ერთმანეთთან, უფრო გართულდეს ან შეუძლებელი გახდეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც სიები ჩახსნილი აქვთ, ახლა უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შეიძლება აღადგინონ ეს სიები.

„ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა იქცეოდეს ჭირვეული ბავშვივით და უნდა წაიკითხოს ის გასაგები პუნქტები, რომლებიც იმ ორ ადამიანთან დაკავშირებით წერია, რაზეც კამათი მიდის, რომ თითქოს ვიღაც მათ ინტერესს არ ითვალისწინებს. ასეთი ქცევა ზოგადად არ შეიძლება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში, ჩვენ ამაზე დისკუსიები უნდა დავიწყოთ. არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი შემოდგომის არჩევნებამდე ჩამოვა ან ეს შესაძლებელია. როგორც მე ამ პოლიტიკურ გარემოს ვუყურებ. მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებელი იყოს და ამ სამუშაოში მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს. მან უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, პოლიტიკური პროცესებისა და საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და ა.შ. ძალიან ბევრ საკითხზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა იმ მიმართულებით, რომ სააკაშვილს მიეცეს საშუალება ჩამოვიდეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.