„კახა კალაძეს არაფერი სჭირს საიმისო, რომ ვინმეს გუნდში იხილოთ“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი მედიის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდთან შეერთებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ნაადრევია საუბარი მერობის კანდიდატებზე და მმართველი პარტია ყველა მათგანს, ასევე საკრებულოს წევრობის კანდიდატებს არჩევნებამდე 1 - 1,5 თვით ადრე დაასახელებს.
„ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით. როდესაც ამის დრო მოვა, პირობას გაძლევთ, პირველი გაიგებთ ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან, თუ ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები, ასევე საკრებულოების მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით. არჩევნები არის შემოდგომაზე, კანდიდატების წარდგენა კი ხდება 1-1.5 თვით ადრე. ჯერ თავს შევიკავებდი ამაზე საუბრისგან, ჯერ არც ოპოზიცია საუბრობს ამაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.