სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

იმედი მაქვს, რომ სულ მალე, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტს ხელს არა პარტიის, არამედ პარლამენტის ინდივიდუალური წევრის სახელით აწერს.

,,დღეს ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს როგორც საქართველოს პარლამენტის ინდივიდუალური წევრი. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ მიშელს. ამ დოკუმენტის ხელმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს სხვა ალტერნატივა გარდა ევროპული მომავლისა. საქართველო ამ დოკუმენტის ხელმოწერით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ევროპისკენ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ხელი მომეწერა ამ დოკუმენტისთვის. ეს დოკუმენტი ასევე გახლავთ გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და გიორგი რურუა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მომავალში აღარასოდეს დაგვჭირდება ასეთი შეწუხება ჩვენი სახელმწიფოს მეგობრების იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს სახელმწიფოსა და ევროპულ ქვეყანას. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.