"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით იმსჯელეს, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
როგორც ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, შეთანხმებაზე ვერ ისაუბრებენ, მაშინ, როდესაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.
"ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. დღეს პოლიტსაბჭო შეიკრიბა, ჩვენ ვიმსჯელეთ იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ამ შეთანხმების ხელმოწერა ან, არ მოწერა. როგორც იცით, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ოპოზიციასა და მედიატორების თანხლებით, შესაბამისად, კიდევ დავაყენებთ ჩვენს მთავარ წინადადებას. ეს წინადადება არის ის, რომ ვერანაირ შეთანხმებაზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ ნიკა მელია ციხეში იმყოფება. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ გაიხსნას გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მივიდეთ. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, როდესაც მოლაპარაკებები და შეხვედრები დასრულდება და საბოლოო პოზიცია გვეცოდინება",- აცხადებს უდუმაშვილი.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა. წინადადება ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის არის, პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული საკითხები და მომავალი არჩევნები.
დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.