ჯეიმს აპატურაი: არ შევეგუებით იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჯეიმს აპატურაი: არ შევეგუებით იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რას აპირებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რას ემსახურება 2014 წლის შემდეგ უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების ყველაზე მასშტაბური გადაადგილება, მაგრამ ნათელია, რომ რაც არ უნდა იყოს ვლადიმერ პუტინის განზრახვა, საომარი მოქმედებების სწრაფად დასაწყებად ყველა შესაძლებლობაა მობილიზებული, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„რუსეთი იყენებს საკუთარ არგუმენტებს და ჩვენ ამას „რუსეთის სარკის პრინციპს“ ვუწოდებთ, როდესაც რასაც აკეთებ, ყველაფერში სხვას ადანაშაულებ. რა უნდა გავაკეთოთ დღეს? დღეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ დააფიქსიროს ერთიანობა, მოუწოდოს რუსეთს დაიხიოს უკან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვამბობთ, რომ მიუღებელია და არ შევეგუებით იმას, რაც საფრთხეს უქმნის და ემუქრება ჩვენი პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მოჰყვა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესება და დღემდე ასე გრძელდება. 2014 წლის შემდეგ რუსეთი „დიდი შვიდეულის“ წევრი აღარ არის. რუსეთს ყირიმის ანექსია მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფასად დაუჯდა. დღეს მთელი მსოფლიო უყურებს რუსეთს და აკვირდება, თუ სადამდე წავა და რას გააკეთებს რუსეთის ფედერაცია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაიხიოს უკან. რუსეთის მეტ აგრესიულ ნაბიჯს მეტი რეაქცია და გადაწყვეტილება მოჰყვება ჩვენგანაც. რუსეთმა აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს პატივი სცეს“, - განაცხადა აპატურაიმ.

მარტის ბოლოდან უკრაინაში ოფიციალურ კიევსა და დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებს შორის კონფლიქტი დაიძაბა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზება დაიწყო.