ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა სერიოზულია.
„ქვეყანაში აქტიური შემთხვევა გვაქვს თითქმის 8 ათასი, აქედან 2 485 უკვე კლინიკებშია. დღეს პირველი ნახტომი გვაქვს, იანვრის შემდეგ ათასზე მეტი შემთხვევა ერთი დღის განმავლობაში არ გვქონია. ეს ციფრი ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 374 ადამიანს დაუდასტურდა.
12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.46%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.58 %.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 288 755 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 277 829, გარდაიცვალა 3 883 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.