„ლიტჰაიკერი“-2021

„ლიტჰაიკერი“-2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „ლიტჰაიკერი“ მეექვსე სეზონი დაიწყო. წელს კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ. პროექტის ფარგლებში სტუდენტები საკონკურსო წიგნების ავტორებსაც შეხვდებიან. პირველი შეხვედრა მწერალ არჩილ ქიქოძესთან გაიმართა.

„პროექტი ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. ის, რომ ვიღაცას ჩემთან შეხვედრა უნდა, მით უფრო ახალგაზრდას და ჩემი წიგნის გარშემო საუბარია, რა თქმა უნდა, უნდა დავთანხმებულიყავი და მოვედი სიამოვნებით. ვისაუბრე „ნორვეგიულ დღიურზე“, რომელიც არის დოკუმენტური პროზა.“-განაცხადა არჩილ ქიქოძემ.

კონკურსში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 5 რეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. პროექტი, რომლის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობაა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მეორე წელია ონლაინ ფორმატში ხორციელდება.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალი კონკურსის ორგანიზატორია, ერთ-ერთი გამორჩეული კი ნამდვილად გახლავთ ლიტერატურული კონკურსი „ლიტჰაიკერი“, რომლის ფარგლებშიც ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ და ტესტირების შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული. თუმცა ამ შემთხვევაში გამარჯვება მეორეხარისხოვანია, იმიტომ რომ მთავარი სწორედ მოგზაურობაა, რასაც სტუდენტებს ეს 10 წიგნი სთავაზობს”, - განაცხადა თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატა ასათიანმა.

პროექტის პარტნიორია სულაკაურის გამომცემლობა. როგორც „სულაკაურის გამომცემლობის“ ქართული პროზის მარკეტინგის მენეჯერმა ნინი თავხელიძემ აღნიშნა, უკვე მეორე წელია, რაც გამომცემლობა ასეთი საინტერესო პროექტის მხარდამჭერია და წელს პროექტს განსაკუთრებულ დატვირთვას სწორედ ქართველი ავტორები სძენენ. „ყოველთვის ვცდილობთ, რომ სტუდენტები წავახალისოთ, რომ გაეცნონ თანამედროვე ქართულ პროზას და დიდი მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ მოგვცა ამის შესაძლებლობა.“-აღნიშნა მან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ პროექტით წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეული ქართველი ავტორების 10 წიგნს წაიკითხავენ და ამ წიგნებიდან საკონკურსოდ მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. მათ გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზები და თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები გადაეცემათ.

პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები.

პირველი ტური 17 აპრილს ჩატარდება. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. I ადგილი: 500 ლარი და 500-ლარიანი ვაუჩერი, II ადგილი: 300-ლარიანი ვაუჩერი, III ადგილი: 150-ლარიანი ვაუჩერი. ამასთან, გამარჯვებულებს თსუ სამახსოვრო საჩუქრებს და უნივერსიტეტის გამომცემლობის ნაკრებს გადასცემს.

2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა „პალიტრა L“ იყო (პროექტის სახელი „თაობა L“), 2016 წლიდან - გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ („პლანეტა რიდმორი“), 2020 წლიდან კი პროექტის პარტნიორია „სულაკაურის გამომცემლობა“ („ლიტჰაიკერი“).