მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ჩემს უკრაინელ კოლეგასთან. რადაც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისგან ვიღებ ინფორმაციას იმაზე თუ რა ხდება უკრაინის საზღვრებთან და მათ შორის ყირიმში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„საზღვრებთან ჯერჯერობით მიმდინარეობს ჯარების მობილიზება. ასევე არის დეზინფორმაციის ნიაღვარი რუსული მხრიდან, რაც იძლევა იმის მოლოდინის საფუძველს, რომ რუსეთი გეგმავს სამხედრო პროვოკაციას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს როგორც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, ასევე მთელი შავი ზღვის რეგიონს. რამდენიმე მაღალჩინოსანი უკრაინას დაემუქრა იუგოსლავიზაციით, დაშლით და ა.შ. ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ უკრაინასთან. უკრაინის უსაფრთხოების პრობლემა, საქართველოს უსაფრთხოების პრობლემაა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.