ანდრიუს კუბილიუსი: კიდევ ერთხელ მივმართავ მოლაპარაკების მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენეთ შესაძლებლობების ფანჯარა

ანდრიუს კუბილიუსი: კიდევ ერთხელ მივმართავ მოლაპარაკების მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენეთ შესაძლებლობების ფანჯარა

ჩვენ იმედგაცრუებულიც და გაბრაზებულებიც ვართ. ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს არაჩვეულებრივი შანსი მისცა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

კუბილიუსის თქმით, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ისევ ღიაა. ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მათ ამ დრომდე პოლიტიკური ძალები ვერ აძლევენ იმედს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას შეძლებენ.

„მე შემიძლია ვისაუბრო იმ ემოციებიდან და განწყობიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ევროპარლამენტში. საქართველოს ძალიან აქტიურად განვიხილავთ. დიახ, საქართველოს, როგორც ქვეყანას, ევროპარლამენტში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. ჩვენს ინტერესშია საქართველო წინ წავიდეს, განვითარდეს, უფრო და უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან. ასეთია ჩვენი მოლოდინი და დღეს ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან მზად აიღონ პასუხისმგებლობა და ეს კრიზისი დაძლიონ. იქმნება პარალიზებული სიტუაცია. ჩვენ იმედგაცრუებულიც და გაბრაზებულებიც ვართ. ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს არაჩვეულებრივი შანსი მისცა. ჩავიდა საქართველოში. დაიწყო მედიაცია. დაიდო წინადადებების პაკეტი. ჩვენ ამ დრომდე ვხედავთ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამ შესაძლებლობას ვერ იყენებენ. ეს ძალიან სამწუხაროა. ასეც ვიტყვი, შესაძლებლობების ფანჯარა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ ევროპულ სტრუქტურებში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებზე როგორი აღქმა იქნება. ამ დრომდე პოლიტიკური ძალები ვერ გვაძლევენ იმედს, რომ ამ საკითხის გადაჭრას შეძლებენ. ჩვენ ვიწყებთ ფიქრსა და მსჯელობას, რა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში, ერთ წელიწადში, თუ ეს პოლიტიკური კრიზისი დამატებით 1 ან 2 თვე გაგრძელდება. ძალიან ძნელი იქნება ნებისმიერი ევროპელის დარწმუნება, რომ საქართველო იმსახურებს ევროინტეგრაციას. კიდევ ერთხელ მივმართავ მოლაპარაკების მონაწილე პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენეთ შესაძლებლობების ფანჯარა. ეს აუცილებელია, რათა საქართველოს იმიჯი არ დაზარალდეს. ეს კრიზისი ქვეყნის იმიჯზე საერთაშორისო დონეზე მოქმედებს. საქართველო ყურადღების ცენტრშია და ყველა საქართველოდან კარგი ახალი ამბების მოლოდინის რეჟიმში ვართ“, - განაცხადა კუბილიუსმა.