პრეზიდენტის მოხსენება იყო ხანმოკლე, ზოგადი მიმოხილვა და ძალიან არადამაკმაყოფილებელი პირადად ჩემთვის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები და საკითხები, რომლებიც პრეზიდენტის მხრიდან უფრო მეტ ჩაღრმავებას ნამდვილად იმსახურებს. ზოგადად, ზერელედ შეეხო საკითხებს, არ იყო ეს სიღრმისეული ანალიზი და არსად ჩანდა გამოსავალი. ასევე, ველოდი, რომ რაიმეს იტყოდა, საკუთარ უფლებამოსილებაზე.
მან წელიწად-ნახევრის წინ თავის თავს გამოუცხადა მორატორიუმი – უფლებამოსილება შეიჩერა შეწყალებაზე და მეგონა, რაიმეს იტყოდა ამაზე, თუმცა ვერაფერი მოვისმინე. არადა, ეს პრობლემაა. მაინტერესებდა ერთი სიტყვით თუ იტყოდა, რომ აპირებს განაახლოს შეწყალების კომისიის საქმიანობა და პატიმართა შეწყალების პროცესი, ვინაიდან ათასობით მსჯავრდებულს შეეხება ეს და ეს ვერ მოვისმინე. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.