მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მსოფლიოს 14 წამყვანი უნივერსიტეტის 30 სტუდენტი სწავლობს. უცხოელ სტუდენტთა მისასალმებელ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუდენტებს ლიტვიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები, რამაზ ქურდაძე და ვახტანგ ლიჩელი მიესალმნენ.
„მიუხედავად COVID 19-ის მსოფლიო პანდემიისა, უცხოელი სტუდენტები ჩამოვიდნენ თსუ-ში სასწავლებლად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ახერხებენ საქართველოში ყოფნის პირობებში დისტანციურად სწავლას და განათლების მიღებას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველ სემესტრში ტრადიციულად მასპინძლობს ევროპელ გაცვლით სტუდენტებს. „ეს კონკრეტული ღონისძიება ეძღვნება იმ სტუდენტების მიღებას, რომლებიც ჩვენ მიმდინარე სემესტრში გვყავს. ეს სტუდენტები მთელ სემესტრს გაატარებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თითოეული, დაახლოებით, 30 კრედიტს მიიღებს ჩვენგან, რომელიც შემდეგ დატრანსფერდება მათ მშობლიურ უნივერსიტეტებში,“- აღნიშნა თეა გერგედავამ.
ტიმ მიბორდი, რომელიც ლიონ 2 (საფრანგეთი) უნივერსიტეტის სტუდენტია, თსუ გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უკვე მეორედ გახდა: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლად სექტემბერში ჩამოვედი. ეს იყო ჩემთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება, იმიტომ რომ ბევრი რამ გავიგე ზოგადად საქართველოს შესახებ. თუმცა საკმარისი არ იყო და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ, კვლავ ჩამოვედი საქართველოში - ახალი აღმოჩენებისთვის და მეტი გამოცდილებისთვის.“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 200-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი ჰყავს 56 ქვეყანაში, თანამშრომლობს 100-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტთან საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის „ერასმუს+“-სა და ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოქმედი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც, 2015-2020 წლებში თსუ-ს სტუდენტების, ისევე როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის რიცხვმა 1500-ს გადააჭარბა. 2015-2020 წლებში თსუ-ში განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კრედიტ მობილობის 259 პროექტი; 1995-2020 წლებში თსუ-მ კოორდინაცია გაუწია და მონაწილეობა მიიღო ინსტიტუციური განვითარების 50-მდე პროექტში, ერაზმუს მუნდუსის 7 კონსორციუმში, ერაზმუსის ერთობლივ სამაგისტრო 3 და ჟან-მონეს 2 პროექტში. გარდა ევროპულისა, თსუ-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ასევე 10 აზიური ქვეყნის 26 უნივერსიტეტში.
საერთაშორისო სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც თსუ-ში როგორც უცხოენოვან, ასევე ქართულენოვან პროგრამებზე სწავლობენ, ყოველწლიურად იზრდება.